ჰუმელსმა გერმანია ნახევარფინალში გაიყვანა
ცენტრალური მცველის მატს ჰუმელსის გოლმა გერმანია მუნდიალის ნახევარფინალში გაიყვანა.
სანახაობრივი თვალსაზრისით მატჩის დიდმა ნაწილმა მოლოდინი არ გაამართლა. განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმს ეხება.
ფრანგების თამაში ძალიან ერთფეროვანი და რაც ყველაზე მთავარია საკმაოდ ნელი იყო. მოედნის ცენტრი პოგბა-მატუიდი-კაბაიეს ტრიომ პირწმინდად წააგო გერმანულ სამეულთან, რომელსაც კროოსი, ხედირა და შვაინშტაიგერი შეადგენდნენ. ინერტული იყო ბენზემაც. ფრანგთა ფორვარდს გუშინდელს შეხვედრაში პასების რაოდენობით ნოიერმაც კი აჯობა.
შეხვედრაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სწრაფმა გოლმა, რომელიც ჰუმელსმა მე-12 წუთზე გაიტანა და გერმანელები დააწინაურა. მეტოქის საჯარიმოში სტანდარტის შესრულების დროს ჩასულმა ცენტრალურმა მცველმა კროოსის შესანიშნავი კროსი გამოიყენა.
ფრაგებმა პირველი მომენტი მხოლოდ 34-ე წუთზე შექმნეს. გრიზმანის პასის შემდეგ ვალბუენას დარტყმულ ნოიერმა მოიგერია. დამატებაზე კი ბენზემამ ვერ ითამაშა კარგად.
პირველი ტაიმი პენალტებზე ნადირობას უფრო გავდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩს. თუმცა, მიუხედავად უამრავი მცდელობისა არგეინტინელი რეფერი ნესტორ პიტანუ უშეცდომო იყო.
შესვენების შემდეგ თამაში კიდევ უფრო დამშვიდდა. მოსამატებელი პირველ რიგში ფრანგებს ჰქონდათ, თუმცა დეშამის გუნდმა ამის გაკეთება ვერ შესძლო. ფრანგები გრიზმანზე და ვალბუენაზე გრძელი პასებით აგრძელებდნენ თამაშს.
76-ე წუთზე ვალბუენას კარგი შანსი მიეცა, თუმცა თანაგუნდელს ბენზემამ შეუშალა ხელი. საერთოდ, გოლის გატანის შანსი უფრო გერმანელებს ქონდათ, თუმცა შურლემ ორი მომენტის გამოყენება ვერ შესძლო.
ყველაზე სახიფათო მომენტი ფრანგებს მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ჰქონდათ. საჯარიმოში შეჭრილი ბენზემას დარტყმა ნოიერმა მოიგერია და ფრანგებს ყველანაირი იმედები დაუმსხვრია.
გოლი: ჰუმელსი 12′