იაია ტურე: “ბარსასთან” ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შეეფერება”
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების მერვედფინალური ეტაპის დასკვნითი დღეა. “ბარსელონა” “ნოუ კამპზე” “მანჩესტერ სიტის” მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერი იაია ტურე, რომელიც მანამდე სწორედ “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, იმედს არ კარგავს, რომ მისი გუნდი “ბლაუგრანას” ბარიერს დაძლევს.
“მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გველის და იმედი გვაქვს, რომ საკუთარი თავის წარმოჩენას შევძლებთ. მფლობელებმა დიდი თანხა დახარჯეს იმისთვის, რომ “მანჩესტერ სიტი” ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ექციათ. ამიტომ, ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამ სტატუსის მატარებელ კლუბს შეეფერება. ასეთ სიტუაციაში პირველად არ ვართ. ვეცდებით, ეს ამოცანა გადავჭრათ ჩვენი ფანებისთვის, კლუბისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ დრომდე გვეხმარება”, – იაია ტურეს სიტყვები “დეილი სთარმა” გამოაქვეყნა.
მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას ჯანლუკა როკის ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.