იანვარში “რეალის” პრიორიტეტი მაურო იკარდი იქნება
ორშაბათს მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და გენერალურ დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა. საუბრისას, რომელიც ორსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა, სეზონის პირველ ნაწილში გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა განიხილეს და გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.
ზიდანმა და სანჩესმა პერესი დაარწმუნეს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბმა თავდამსხმელი უნდა დაიმატოს. განიხილება როგორც ფორვარდის შეძენის, ასევე არენდით აყვანის ვარიანტები.
იანვარში “სამეფო კლუბის” პრიორიტეტი მილანის “ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, “ნერაძური” მიმდინარე სეზონში ევროთასებზე არ ასპარეზობს და “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგების შემთხვევაში, არგენტინელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ექნება, თუმცა “ინტერი” მის სანაცვლოდ მინიმუმ ას მილიონ ევროს ითხოვს. გარდა ამისა, იკარდის მიმდინარე სეზონის იტალიურ გუნდში ჩამთავრება სურს, რაც ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობას მკვეთრად აუარესებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდიმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 16 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.