იარაბეკი: ”დინამო არენაზე” ჯოჯოხეთი ელოდებათ”
26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. ზაგრების ”დინამომ” საკუთარ მოედანზე თბილისის ”დინამო” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, თბილისელთა მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და მათ კითხვებს უპასუხა.
“ზაგრების “დინამომ” კარგად ითამაშა. მე-40 წუთამდე, სანამ გოლს გაგვიტანდნენ, ცუდად არც ჩვენ გამოვიყურებოდით. შეცდომების გამო 3 წუთში 2 გოლი გავუშვით, ამას სკოლის გაკვეთილად მივიღებთ და გავაანალიზებთ.
იმედგაცრუებული საერთოდ არ ვარ. ჩვენი მიზანი ზაგრებში გოლის გატანა იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორი საკუთარ კარში მივიღეთ, იქით კიდე ვერ გავიტანეთ. ვფიქრობ, რომ “დინამომ” კარგი თამაში აჩვენა.
ჩვენი შანსები? ალბათ, 30%. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი დასრულებულია. “დინამო არენაზე” 40 000-მდე გულშემატკივარი მოვა და ჯოჯოხეთს მოაწყობს. სწრაფი გოლის გატანას აუცილებლად ვეცდებით,” – განაცხადა იარაბეკმა.
შეგახსენებთ, რომ ზაგრების ”დინამოსა” თბილისის ”დინამოს” შორის განმეორებითი დაპირისპირება 2 აგვისტოს გაიმართება.