იარაბეკი: “ეს შედეგი არასამართლიანი იყო”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა ევროპის ლიგის ფლეი-ოფში, ბერძნულ პაოკ-თან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ახლა ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ბიჭებს მოგება ძალიან სურდათ, მათ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი არასამართლიანი იყო. დვალიშვილს ტრავმა აწუხებდა და იმისათვის, რომ ეთამაშა სამი ნემსი გაიკეთა. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ ანგარიში რეალობას არ ასახავს.
თავდასხმის ხაზში პრობლემები გვაქვს, კურიე ტრავმირებული გახლდათ, ხოლო დვალიშვილი მზად არ იყო.
პაპუნაშვილს შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, როდრიგესის წინააღმდეგ უწევდა თამაში, რის გამოც მან თავი კარგად ვერ წარმოაჩინა. უჩა ლობჟანიძის ტრავმამ გეგმები აგვირია.
პაოკ-ი ძალიან ძლიერი გუნდია. შარშანდელი კოლექტივიდან დღეს მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა, კომპლიმენტები ჩემგან ამ კლუბს.
მე ისევ ვიტყვი, რომ ყველაზე კმაყოფილი ჩემი ფეხბურთელების მონდომებით ვარ. თუმცა, მეტოქის თამაშის ხარისხმა შედეგზე გავლენა იქონია.
კლუბის პრეზიდენტთან ჯერ არ მისაუბრია. თუმცა, როცა გუნდში მოვედი, პირობა იყო ის, რომ საქართველოს ჩემპიონატი და თასი უნდა მომეგო. ასევე, ევროტურნირის ჯგუფში უნდა მოვხვედრილიყავი.”