იარმოლენკო: “არ ვიცი, როგორ აღვწერო რუსი ერი. როგორ შეიძლება მათ ნორმალურები ვუწოდოთ?”
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და “ვესტ ჰემის” გარემარბმა ანდრეი იარმოლენკომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
32 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა რუს ხალხზე, რომელთა უმეტესობა საკუთარი აგრესორი ქვეყნისა და პრეზიდენტის პოზიციას მხარს უჭერს ან მათ კრიტიკას თავს არიდებს.
“ჩემი აზრით, ის, რაც ახლა ხდება, ნამდვილი გენოციდია. უკრაინელი ხალხი იხოცება. ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს და ქალებს – ეს საშინელებაა. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
როგორ შეიძლება ჯარისკაცი უწოდო მას, ვინც ბავშვებსა და ქალებს ტყვიას ესვრის? არ ვიცი, როგორ აღვწერო რუსი ერი… როცა უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და შენ ამ დროს ქვეყანაში [რუსეთში] კონცერტს მართავ… როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ნორმალურები ვუწოდოთ?
მე არ ვამბობ, რომ რუსეთში ყველა ადამიანი ცუდია. ვიცნობ ბევრს, ვისაც გააზრებული აქვს, რა ხდება ახლა. თუმცა, ვინც ჩუმადაა, ხმას არ იღებს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მას არ შეეხება, ისიც ჩვეულებრივი დამნაშავეა.
დრო ყველაფერს გამოაშკარავებს და ღმერთი ყველაფერს განსჯის. იყვნენ რუსები, რომლებსაც ველაპარაკე და მათ საერთო რეაქციაც კი არ ჰქონიათ. რუსი ფეხბურთელები, ვარსკვლავები, მომღერლები, სპორტსმენები – ყველანი ჩუმად არიან. ვინც ამბობს, რომ ეს ომი არ არის, ჩემთვის ყველა მკვდარია”, – განაცხადა იარმოლენკომ.