იასპარეზებს თუ არა ლაშა ბექაური ოლიმპიურ თამაშებზე?
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ძიუდოისტი ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ორი დღის განმავლობაში მიდიოდა კონსილიუმი, სადაც ჩართული იყვნენ რადიოლოგები, ორთოპედები, ტრავმატოლოგები, სპორტული მედიცინის წარმომადგენლები. ესწრებოდნენ ფედერაციის წარმომადგენლები და მწვრთნელები. მინდა, გითხრათ, რომ პროგნოზი ძალიან კარგია. დინამიკაში ყველაფერი უკვე დასტაბილურდა და ინდივიდუალურად, მწვრთნელებთან ერთად, ვიწყებთ სპეციფიკურ მზადებას, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციასთან ერთად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მზადების პროცესში მივიყავნოთ პრაქტიკულად ჯანმრთელი, რათა მან ქართველი გულშემატკივარი გაახაროს”, – განაცხადა კახაბრიშვილმა.
როგორც იცით, ბექაურმა ტრავმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრზე მიიღო. 20 წლის სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების განაცხადშია. ზაფხულის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირი 24 ივლისს დაიწყება, ლაშას კი ტატამიზე გამოსვლა 28 ივლისს მოუწევს.