იბრაჰიმოვიჩი: “სეზონის პირველი დღიდან “მილანში” რომ ვყოფილიყავი, სერია A-ს მოვიგებდით”
“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტურინის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, სერია A-ს 31-ე ტურში “როსონერიმ” “იუვე” 4:2 დაამარცხა. 38 წლის შვედმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. ზლატანი ამბობს, რომ ის ბევრს შრომობს და ცდილობს გუნდს დაეხმაროს.
“მე ასაკში ვარ, ეს საიდუმლო არ არის! ასაკი მხოლოდ ციფრებია. ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, ბალანსი დავიჭირო. დღეს უფრო მეტი ვითამაშე, ვიდრე წინა შეხვედრაში. თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, გუნდს ყოველდღიურად დავეხმარო”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ იბრაჰიმოვიჩი 67-ე წუთზე შეცვალა. ამის შემდეგ, იბრა თანაგუნდელებს რჩევებს სათადარიგოთა სკამიდან აძლევდა.
“მე ვარ პრეზიდენტი, ფეხბურთელი და მწვრთნელი! ცუდი ისაა, რომ ხელფასს მხოლოდ ფეხბურთელობისათვის მიხდიან! “მილანში” სეზონის პირველივე დღიდან რომ ვყოფილიყავი, სკუდეტოს ჩვენ მოვიგებდით”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა DAZN-ს.
შეგახსენებთ, რომ “მილანი” იტალიის ჩემპიონატში ამჟმად მე-5 ადგილს იკავებს.