იბრაჰიმოვიჩი: „1/4 ფინალს მოდუნებული ვხვდები“
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ორმატჩიანი დუელის შესახებ ისაუბრა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ექვს აპრილს პარიზში შედგება.
„1/4 ფინალს მოდუნებულ მდგომარეობაში ვხვდები. რა თქმა უნდა, ჩემთვის, კლუბისთვის, ქალაქისთვისა და ზოგადად საფრანგეთისთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩებია, მაგრამ თავს მშვიდად და თავდაჯერებულად ვგრძნობ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. ფეხბურთში მნიშვნელობა მხოლოდ ტიტულებს ენიჭება. კარიერის დასრულების შემდეგ უკან იხედები და მოგებებს ითვლი. ბევრი თასი მომიგია, ამიტომ საწუწუნო არაფერია.
„სიტი“ ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც პროექტის შექმნის დღიდან წარმატებისთვის არაერთხელ მიუღწევია. მანჩესტერელთა შემადგგენლობა, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ფეხბურთელებითაა მდიდარი. „ბარსელონაში“ იაია ტურესთან ერთად მითამაშია. ის ძალიან მომწონს. იქ ასევე დავიდ სილვა, სერხიო აგუერო თამაშობენ. საერთოდ, მთელი გუნდი ძლიერია. ყურადღება არა ერთ, არამედ ყველა ფეხბურთელს უნდა მიექცეს“, – ციტირებს ზლატანს უეფა-ს პრესსამსახური.