იბრაჰიმოვიჩი: ‘ჩალჰანოღლუმ კრისტიან ერიქსენის ტრაგედიით ისარგებლა’
“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუმ კრისტიან ერიქსენის ტრაგედიით ისარგებლა.
როგორც იცით, თურქმა ნახევარმცველმა ივნისში “როსონერისთან” კონტრაქტი არ გაახანგძლივა და “ინტერში” გადავიდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც “ნერაძურის” შემტევმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ევრო 2020-ზე “დიდი დარტყმა” მიიღო.
7 ნოემბერს გამართულ “დელა მადონინაში” ჩალჰანოღლუმ ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა, რომელიც პროვოკაციულად აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ ალექსის სალემაკერსი ერთადერთი “მილანელი” იყო, რომელიც ჰაკანს თბილად შეხვდა.
რამდენიმე დღის წინ იბრაჰიმოვიჩის ახალი წიგნის “ადრენალინას” გაყიდვა დაიწყო. ერთ-ერთ თავში, ზლატანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხვდა ჩალჰანოღლუ “ინტერში”.
რას წერს ზლატანი?
“მას მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისათვის, რაც ჩვენი გუნდისათვის გააკეთა და მომავალში წარმატება ვუსურვოთ. ცუდად ჟღერს, მაგრამ ჩალჰანოღლუმ ტრაგიკული სიტუაციით ისარგებლა. მას შემოთავაზება არც “ინტერიდან” და არც სხვა რომელიმე კლუბიდან ჰქონია.
ის კარგი ბიჭია და ჩემი წყალობით, მოუმატა და უფრო თავდაჯერებული გახდა. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მას და რებიჩს მივწერე: “იბრას გარეშე რთულია, არა?” მათ კი ღიმილით მიპასუხეს. გუნდში ჩემი მისვლის შემდეგ, ჩალჰანოღლუს სტატისტიკა გაიზარდა. მას ყოველთვის ვეხუმრებოდი: “ჩემი შეცდომა იქნება, თუ “მილანი” დარჩენას შემოგთავაზებს, რადგან მე შენ დიდებული გაგხადე”,” – წერს იბრაჰიმოვიჩი.