იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგას ამჯერადაც ვერ მოიგებს, როგორია მისი სტატისტიკა ამ ტურნირზე?
“მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში “ლივერპულის” დამარცხება ვერ შეძლო და შედეგად ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდი ევროტურნირებზე ასპარეზობას გამოეთიშა.
ზემოხსენებული შედეგი ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის 40 წლის ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ამჯერადაც ვერ მოიგებს. ზლატანს კარიერაში 31 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ჩამონათვალში ჩემპიონთა ლიგა კვლავაც არ ხვდება.
შვედმა თავდამსხმელმა 16-ჯერ მიიღო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა. მას ამ ტურნირზე 7 განსხვავებული კლუბის მაისურით აქვს ნათამაშები – “აიაქსი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, “მილანი”, “პსჟ” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.
საერთო ჯამში ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის 124 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 48 გატანილი გოლი და 28 საგოლე გადაცემაა დაგროვებული.