იბრაჰიმოვიჩი: “ძალიან გამიხარდება, თუ “პუშკაშის პრიზს” კიდევ ერთხელ მოვიპოვებ”
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ გამხდარა, 13 იანვარს, ციურიხში გამართულ ცერემონიალზე, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩიმა ორი ჯილდო მიიღო. შვედმა ფეხბურთელმა 2013 წლის საუკეთესო გოლისათვის “პუშკაშის პრიზი” მიიღო და ამავდროულად, წლის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იბრაჰიმოვიჩს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
– რას გრძნობთ “პუშკაშის პრიზის” მოგების შემდეგ?
– ძალიან გახარებული ვარ. სახლში ორი ჯილდო მიმაქვს, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ჩვეულებრივ, მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს, ხოლო გოლს ვინ გაიტანს, ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. თუმცა, ამ შემთხვევაში, მას მნიშვნელობა ნამდვილად ჰქონდა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.
– გამოკითხვაში, გულშემატკივრების უმეტესმა ნაწილმა ხმა თქვენ მოგცათ. რას ნიშნავს ეს ყოველივე თქვენთვის?
– მინდა, რომ მათ მადლობა გადავუხადო. გარდა იმისა, რომ ეს პრიზი მოვიგე, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხმა სწორედ გულშემატკივრებმა მომცეს, რაც სასიხარულოა. ეს ადამიანები ფეხბურთით ცხოვრობენ.
– კიდევ ხომ არ აპირებთ ისეთი ლამაზი გოლის გატანას, რომლითაც “პუშკაშის პრიზს” მეორედ მოიპოვებთ?
– იმედი მაქვს, არა! (იცინის) რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, თუ “პუშკაშის პრიზს” კიდევ ერთხელ მოვიპოვებ.
დიტო ჭიჭინაძე