იბრაჰიმოვიჩი “ნიუკასლთან” მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულებულია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ფეხბურთელი, შესაძლოა, მინდორზე დღეს ვიხილოთ.
“დასაწყისისთვის, ზლატანს “ნიუკასლთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე დავსვავთ,” – აცხადებს “წითელი ეშმაკუნების” პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო.
მოურინიომ ორი თავდამსხმელით თამაშის ვარიანტზეც გააკეთა კომენტარი: “მიმდინარე სეზონში ჩვენ რამდენიმეჯერ უკვე ვითამაშეთ ორი შემტევით. ეს ფორმაცია განსაკუთრებით საჭირო მაშინ არის, როდესაც სამი ცენტრალური მცველისა და გარემარბების იმედზე ვართ. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ლუკაკუმ და იბრაჰიმოვიჩმა ერთად ითამაშონ.”
სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში ზლატანმა 28 გოლის გატანა შეძლო.