იბრაჰიმოვიჩი: “ყველა ტალანტს ვურჩევ, რომ კარიერა “აიაქსიდან” დაიწყონ”
“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “აიაქსის” შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ვეტერანი შვედი ყველა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს ურჩევს, რომ კარიერა ამსტერდამული კლუბიდან დაიწყონ.
“ახალგაზრდა ამბიციური ფეხბურთელისათვის “აიაქსზე” უკეთესი კლუბი არ არსებობს. სავარჯიშო პროცესი, კლუბის ფილოსოფია და ახალგაზრდა მოთამაშეები: ამ კლუბში ყველაფერი მაღალ დონეზეა. ყველა ტალანტს ვურჩევ, რომ კარიერა “აიაქსიდან” დაიწყონ.
ამ კლუბმა ყველას დაგვნახა, რომ მათი ფილოსოფია მუშაობს. შესანიშნავია, როცა ხედავ, თუ რამდენი უმაღლესი დონის ფეხბურთელი აჩუქეს მათ სპორტის ამ სახეობას.
თუ სწორი მენტალიტეტი გაქვს, “აიაქსში” ყოფნით დიდი ნაბიჯის გადადგმა შეგიძლია: აქ პროფესიონალებისაგან ბევრ რამეს სწავლობ და შრომობ. მე ამსტერდამელების ახლაც მადლობელი ვარ, სწორედ “აიაქსი” იყო პირველი უცხოური კლუბი, რომელმაც კონტრაქტი შემომთავაზა”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა Voetbal International-ს.
შეგახსენებთ, რომ ზლატანი “აიაქსში” 2001 წელს “მალმიოდან” გადავიდა. 2004 წელს მან კარიერა “იუვენტუსში” გააგრძელა.