იბრაჰიმოვიჩი სეზონის ბოლოს “მილანს” დატოვებს

იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერა” იუწყება, რომ “მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
მხარეებს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა თავად შვედ ფეხბურთელს “როსონერის” რიგებში დარჩენა არ სურს.
წყაროს თანახმად, 38 წლის თავდამსხმელმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც “ჰამარბიუს” ღირსებას დაიცავს. ცნობისათვის, იბრაჰიმოვიჩი აღნიშნული კლუბის თანამფლობელი არის. მას შემდეგ, რაც სერია А შეჩერდა, ზლატანი შვედეთში გაემგზავრა და ამ გუნდის რიგებში ვარჯიშობდა. შეგახსენებთ, რომ სკანდინავიის ამ სახელმწიფოში 50 პირამდე მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებების გამართვა დაშვებულია.
როგორც მოგეხსენებათ, “მილანმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ფეხბურთელმა ამ სეზონში “როსონერის” ფორმით ათი მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.