იბრაჰიმოვიჩი: “შეგიძლია, ლომი მოათვინიერო, მაგრამ არა – ზლატანი”
ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავინდებურად ახერხებს გულშემატკივრების გულის მოგებას თავისი სიამაყითა და ამპარტავნობით. შვედმა ფეხბურთელმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას საკუთარი თავი ლომსა და ბენჟამინ ბატონს შეადარა.
“შეგიძლია, ლომი მოათვინიერო, მაგრამ არა – ზლატანი. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებულები იყავით. ის სულ სხვაგვარი ცხოველია.
ბენჟამინ ბატონის როლის ბრწყინვალე შემსრულებელი ვიქნებოდი. მე უკეთესი ვარ, რადგან ამ ისტორიის ცოცხალი მაგალითი ვარ. ბენჟამინ ბატონი კი უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია.
39 წლის ვარ და იმის გათვალისწინებით, რაც გავაკეთე, მუშაობის არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია, მაგრამ მე თამაშის სურვილი არ დამკარგვია. არასოდეს ვკმაყოფილდები, ყოველთვის მეტი მინდა.
ამერიკელი ათლეტებისგან გამიგია, რომ ფორმაში ყოფნისთვის მილიონობით დოლარს ხარჯავენ. მე ისევ ისეთივე ძლიერი ვარ, თუმცა ამისთვის ერთი დოლარიც არ დამიხარჯავს,” – აცხადებს ზლატანი.