იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო
“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
საწვრთნელ პროცესში თანაგუნდელებთან გამართული მატჩის მიწურულს 38 წლის ფეხბურთელმა სწრაფი გარბენი გადაწყვიტა, თუმცა ფეხში ტკივილი იგრძნო და გაჩერდა, რის შემდეგაც მოედნის დატოვება მოუწია.
მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მილანის” ბაზა დამოუკიდებლად დატოვა, მას შესაძლოა, უქმობა დიდი ხნით მოუწიოს. არსებობს ეჭვი, რომ შვედ ფორვარდს მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული ტრავმის რეციდივი აქვს. მაშინ ზლატანს რამდენიმე კვირით მოუწია ლაზარეთში ყოფნა, თუმცა ახლა სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ იბრაჰიმოვიჩმა, სავარუდოდ, აქილევსის მყესიც დაიშავა. დღეს ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გაირკვევა, რა ხნით მოუწევს უქმობა.
როგორც მოგეხსენებათ, “მილანმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ფეხბურთელმა ამ სეზონში “როსონერის” ფორმით ათი მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.