“იდიოტი უნდა იყო, კახა ცხადაძეზე რომ იმას იტყვი, ნაკრებისთვის ცუდი უნდაო” – ცხადაძე კრიტიკოსებს
კახა ცხადაძემ გულშემატკივრების იმ ნაწილს უპასუხა, რომლებმაც ის პირველი არხის ეთერში, გადაცემა “ტაიმაუტში” გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკეს.
1 აპრილს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა და გამოყო ის დადებითი და უარყოფითი კომპონენტები, რაც განვლილ სამ მატჩში დაინახა. ცხადაძის თქმით, სანიოლს სათამაშო სქემაში არაფერი შეუცვლია და ნაკრებმა ისევ ისე ითამაშა, როგორც ვაისის დროს.
2 აპრილს 52 სპეციალისტი სტუმრად იმყოფებოდა სილქ უნივერსალზე, გადაცემაში “ბურთი და მოედანი”, სადაც მან ასეთი განცხადება გააკეთა:
“ხალხმა უნდა გაიგოს ერთი რაღაც – როცა გვეკითხებიან, ვამბობთ ჩვენს აზრს. აღარც სურვილი აღარ მაქვს მაგ თანამდებობაზე [ეროვნული ნაკრების მწვრთნელი] ვიყო. დაისვენოს ამ ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ. რაც პოზიტივია, ის უნდა მიიღოს ადამიანმა პოზიტიურად და რაც გამოსასწორებელია, იმაზეა ლაპარაკი.
სანიოლი ნაკრებში უნდა იყოს ოთხი წელიწადი და შემდეგი შესარჩევი მოიგოს. თუ ადამიანს შეცდომაზე ეტყვი, რომ კარგია, იმ შეცდომას ისევ გაიმეორებს. რაც კარგია, იმაზე უნდა თქვა, რომ კარგია და რაც ცუდია, უნდა თქვა, რომ გამოსასწორებელია.
ჩემი გუშინდელი ნათქვამი ზოგმა ასე მიიღო, ზოგმა – ისე. კომპლექსები უნდა მოიხსნას ყველამ, ვისაც კომპლექსი აქვს. როცა ვიღაცა თავის აზრს იტყვის, ეს გასაანალიზებელია და ეს არ არის ბოღმით ნათქვამი.
ახალი ფეხბურთელები გამოჩდნენ. რამდენი ხანია ვსაუბრობთ მარცხენა მცველზე. ვიძახდით, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის მოყვანა არ არის სირცხვილი. ამ ადამიანმა [სანიოლმა] ესეც გააკეთა და ისიც. რა თქმა უნდა, ეს უნდა დავუფასოთ. საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს სტიმული გაუჩნდათ. მისასალმებელია, თუ როგორ ვითამაშეთ პირველი ტაიმი ესპანეთის წინააღმდეგ. თავიდან სწორად იყო დაყენებული თამაში, მაგრამ შემდეგ, როცა საჭირო რაღაცების გაძლიერება, იქ მოვიკოჭლეთ. ეს ხომ უნდა ვთქვათ? ამიტომ, ეს კომპლექსი მოიხსნან, ფედერაციაშიც მოიხსნან, ხალხმაც მოიხსნას.
ყველაფერი სწორად უნდა გაიგოს ადამიანმა. სამ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ. მოსწონს ეს თავად სანიოლს? არ მოსწონს. რაღაცები იცვლება, უფრო ახალგაზრდული სისხლი შემოდის ნაკრებში და ამას დრო სჭირდება. ეს დრო მიეცემა ამ ადამიანს. უბრალოდ, სწორად უნდა განსაზღვროს და გამოიყენოს. ეს შესარჩევი მიეცემა იმისათვის, რომ შემდეგ შესარჩევი მოიგოს და გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. ეს ვთქვი გუშინ. სწორად უნდა გაიგოს ყველა გამგებმა. არავინ მტერი არ არის. მით უმეტეს, კახა ცხადაძეზე რომ იმას იტყვი, საქართველოს ნაკრებისთვის ცუდი უნდაო, იდიოტი უნდა იყო”, – თქვა ცხადაძემ.