IFFHS: ეროვნული ლიგა რეიტინგში 24 ერთეულით დაქვეითდა
ყველასათვის ცნობილმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ 14-წლიანი პაუზის შემდეგ საუკეთესო ჩემპიონატად იტალიის სერია A დასახელდა. იტალიური ჩემპიონატი 1991-2006 წლებში დომინირებდა და ათჯერ დასახელდა საუკეთესოდ, თუმცა მას შემდეგ ჰეგემონია ესპანეთს, ინგლისსა და გერმანიას დაუთმო.
თუმცა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შედეგი. ზემოხსენებული ორგანიზაციის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ჩემპიონატმა დიდი რეგრესი განიცადა – ეროვნული ლიგა 2019 წელთან შედარებით რეიტინგში 24 ერთეულით დაქვეითდა და ახლა 75-ე პოზიციას იკავებს.
IFFHS-ის ცნობით, საქართველოზე უკეთესი ჩემპიონატი აქვთ შემდეგ ქვეყნებს: აზერბაიჯანი, ფარერების კუნძულები, ტანზანია, სომხეთი, ვენესუელა, სუდანი, გვატემალა, კონგო, ჰონდურასი, კატარი, პერუ, ბოლივია, ნიკარაგუა, მაროკო და ა.შ.
ტოპ-10 კი ასე გამოიყურება:
1. იტალია – 1026 ქულა;
2. ინგლისი – 1003;
3. ბრაზილია – 964;
4. ესპანეთი – 954;
5. გერმანია – 864;
6. პორტუგალია – 721;
7. საფრანგეთი – 661;
8. პარაგვაი – 610.5;
9. არგენტინა – 603;
10. ეკვადორი – 579.5
ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია არ ავრცელებს ინფორმაციას რეიტინგის შედგენის მეთოდიკასთან დაკავშირებით.