იგუაინი: ’26 გოლი გავიტანე და “რეალმა” ბენზემა და კაკა შეიძინა’
“ინტერ მაიამის” თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და ისაუბრა იმ დროზე, როცა ის ნამდვილად კარგ ფორმაში იყო.
“იმ წელს, როცა კრიშტიანო გუნდში მოვიდა, მან 27 გოლი გაიტანა, მე – 26. მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბმა კაკა და ბენზემა შეიძინა. ამიტომაც ვამბობ: “რამდენი გოლი უნდა გავიტანო?” კარიმთან ძალიან ჯანსაღი კონკურენცია მქონდა, ორივე ბოლომდე ვიხარჯებოდით”, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს “მარკა”.
არგენტინელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ ის თავდაპირველად “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში მიდიოდა, მაგრამ 18 წლის ასაკში, მოულოდნელად, პირველ გუნდში აღმოჩნდა.
“თავიდან “რეალის” პირველ გუნდში არ მივდიოდი. როცა მათ შემიძინეს, კასტილიაში (მეორე გუნდი) უნდა მეთამაშა. ასევე, განიხილებოდა იჯარით ჩემი სხვა კლუბში გაშვება. თვითმფრინავში მამაჩემმა მითხრა: “ერთადერთი, რაც მინდა გთხოვო – არ შეგეშინდეს. არასოდეს შეგეშინდეს, მაგრამ ყველას მიმართ პატივისცემა გამოიჩინე.” როცა “რეალში” მივედი, პირველ გუნდში მავარჯიშეს, მეორე ვარჯიშის შემდეგ კი კაპელომ მითხრა: “ჩვენთან რჩები”. 3-4 დღის შემდეგ, ესპანეთის თასის მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი”, – განაცხადა 33 წლის თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ იგუაინი “რეალში” 2007 წელს “რივერ პლეიტიდან” გადავიდა.