იგუაინი: „ნაპოლიში“ ისტორიის შესაქმნელად მოვედი“
„ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ბედნიერია ნეაპოლიტანურ კლუბში ასპარეზობით და აცხადებს, რომ იტალიის ჩემპიონობისთვის ყველაფერს გააკეთებს. არგენტინელი ფეხბურთელის თქმით, „ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-13 ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხოს „პარმა“. მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ იქნება შესაძლებელი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ საჩემპიონთალიგო მატჩზე ფიქრი.
„აქ მოსაგებად და ისტორიის შესაქმნელად ვარ მოსული. ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის სათავეში არ ვართ მოქცეული, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე ვიქნებით. „ნაპოლიში“ მოვედი იმიტომ, რომ მომწონს ეს პროექტი. მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ძალიან მეხმარება და თავდაჯერებას მმატებს. მომწონს ამ კლუბში თამაში. სასიამოვნოა ადგილობრივი ქომაგების წინაშე თამაში, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ეს გუნდი. ბედნიერი ვარ და მინდა, რომ ვითამაშო ისევე კარგად, როგორც აქამდე ვთამაშობდი.
ახლა მხოლოდ „პარმას“ წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა იტალიის ჩემპიონობისთვის შანსები შევინარჩუნოთ. სერია A ხანგრძლივი ტურნირია, თუმცა ამ შეხვედრის მოგება აუცილებელია იმისთვის, რომ დორტმუნდში იმედიანად ჩავიდეთ. მხოლოდ „პარმასთან“ შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება „ბორუსიას“ წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ფიქრი. ის შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს Goal.com-ი.
არგენტინელი თავდამსხმელი საკმაოდ კარგ ფორმაშია. იგუაინმა „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე ერთად უკვე 14 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი მიითვალა.
მატჩი „ნაპოლისა“ და „პარმას“ შორის შაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი