იგუაინის აგენტი: “თუ გონსალო იტალიაში ისევ ითამაშებს, მხოლოდ “იუვენტუსის” მაისურს მოირგებს”
გონსალო იგუაინის ძმა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, ამბობს, რომ ფეხბურთელს “იუვენტუსში” თამაში სურს და იტალიაში, ამ კლუბის გარდა, სხვის მაისურს არ მოირგებს.
როგორც იცით, არგენტინელი თავდამსხმელი “იუვენტუსში” 2016 წელს, “ნაპოლიდან” 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. იგუაინმა გასული სეზონის ნახევარი იჯარით “მილანში” გაატარა, ნახევარი კი – “ჩელსიში”. იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, ის “რომაში” ვიხილოთ.
“ახლა ბუენოს აირესში ვარ, სადაც გონსალო მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დასვენების დღეებს ატარებს. მინდა, განვაცხადო, რომ მოლაპარაკება არავისთან მიმდინარეობს. ჩემ ძმას “იუვენტუსთან” კონტრაქტი აკავშირებს. ის ამ ხელშეკრულებას პატივს სცემს და “იუვენტუსში” დარჩენას კიდევ ორი წლით აპირებს. არ მინდა ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო, მაგრამ თუ გონსალო იტალიაში ისევ ითმაშებს, ის მხოლოდ “იუვენტუსის” მაისურს” მოირგებს”, – თქვა ნიკოლას იგუაინმა.