იკარდი: “თუ “ინტერს” ჩემი გაყიდვა მოუნდება, ჩავალაგებ ბარგს და წავალ”
მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ “ნერიაძურიში” ყველაფერი აკმაყოფილებს, თუმცა თუ კლუბი მის გაყიდვას გადაწყვეტს, მისთვის არც ეს იქნება პრობლემა.
“მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ სამი წელია დარჩენილი. თუ შეთანხმებას მივაღწევთ (საუბრობს ხელფასის მომატების შესახებ – რედ.), ყველანი კმაყოფილები ვიქნებით. თუ რომელიმე სხვა კლუბს ჩემი ყიდვა მოუნდება, “ინტერს” უნდა დაუკავშირდეს. თუ “ნერიაძურის” ჩემი გაყიდვის სურვილი გაუჩნდება, ჩავალაგებ ბარგს და წავალ.
სხვა შემთხვევაში, მილანში დავრჩები. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახი აქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
როდესაც “ინტერთან” კონტრაქტს ვაფორმებდი, მსურდა, რომ კლუბისთვის ჩემი მნიშვნელობა მეჩვენებინა. შეგვიძლია ახალ პირობებზე შევთანხმდეთ, რაც ჩემთვისაც კარგი იქნება და “ინტერისთვისაც”, – განაცხადა იკარდიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისათვის, 22 წლის არგენტინელ თავდამსხმელს “ინტერთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 27 მატჩში მაურო იკარდიმ 15 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.