იკარდი: “ვიცოდი, რომ უნდა გამეტანა”
იტალიის სერია A-ს მერვე ტურის ცენტრალური მატჩის “ჯუზეპე მეაცაზე” შედგა, სადაც “ინტერმა” მაურო იკარდის ჰეთთრიკის წყალობით თანაქალაქელი “მილანი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შეხვედრის შესახებ მატჩის გმირმა იკარდიმ ისაუბრა.
“სახლში ამ მატჩის ბურთის წაღება განსაკუთრებული გრძნობაა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. თანაგუნდელებს ვუთხარი და მეც მესმოდა, რომ აუცილებლად უნდა გამეტანა. ამიტომ, ბურთთან ახლოს ვიყავი. კრიტიკოსებს სალაპარაკოს ვაძლევ, შემდეგ კი მოედანზე იმას ვაკეთებ, რაც აუცილებელია – გუნდს ვეხმარები და გოლები გამაქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ გაიტან. გახარებული ვარ.
დღეს არგენტინაში დედის დღეს აღნიშნავენ და გატანილ გოლებს ჩემი შვილების დედას, ვანდას ვუძღვნი.
სკუდეტოსთვის ბრძოლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომლის ჩატარებაც საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, “ნაპოლისთან” გვიწევს. ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება, ვინაიდან ისინი ლიდერები არიან და ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს Mediaset Premium-ი.