იკერ კასილასი საკუთარი მომავლის შესახებ
მადრიდის „რეალის“ მეკარემ, იკერ კასილასმა საზღვარგარეთელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. ესპანელი კიპერი გამოტყდა, რომ მას თამაში და კონკურენციის გაწევა სურს. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი მწვრთნელის ნდობის მოპოვებაა, სხვა შემთხვევაში, მას კლუბიდან აბარგების შესახებ დაფიქრება მოუწევს.
„მინდა, რომ გუნდის ნაწილი ვიყო, აქ დიდი ხნით დარჩენა მინდა. თუ დიდი ხნის განმავლობაში ისევ ვერ ვითამაშებ და თუ კლუბიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში, დაფიქრება მომიწევს. დგება დრო, როდესაც ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, ანდაც ის უბრალოდ ინტერესს კარგავს. ამ დროს რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგა.
მე ფეხბურთელი და ადამიანი ვარ. როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, პირველი ის მომდის თავში, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მითამაშია. უნდა გავაანალიზოთ ფეხბურთის ღირებულებები. ახლა ყველაზე მეტად თამაში და კონკურენციის გაწევა მინდა. ჩემს გარშემო მყოფი ხალხი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან შევიცვალე. ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი გამოწვევები. ახლა ჩემი ამოცანა სირთულეების დაძლევა და მწვრთნელის ნდობის მოპოვებაა“, – განაცხადა კასილასმა.
ბექა დოგრაშვილი