იკერ კასილასმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა
მადრიდის “რეალისა” და “პორტუს” ყოფილმა კიპერმა იკერ კასილასმა მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ფეხბურთიდან ესპანელი მეკარის წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზამთარში გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში კასილასს გულის შეტევა დაემართა. მოგვიანებით მან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა შემდეგ მოხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, იკერ კასილასი “რეალში” დაბრუნდება და პრეზიდენტის მრჩევლად იმუშავებს.
იკერ კასილასი “რეალის” აღზრდილი გახლავთ და გუნდის ღირსებას 1998-დან 2015 წლამდე იცავდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში 18 ტიტული მოიგო, მათ შორის ხუთჯერ დაეუფლა ესპანეტის ჩემპიონატს, ორჯერ ქვეყნის თასს, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგას. ესპანელმა მეკარემ კარიერის ბოლო წლები “პორტუში” გაატარა, რომლის რიგებშიც ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.