ილია შკურინი: “სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს, ნაკრებში თამაშზე უარს ვაცხადებ”
ბელარუსის მოქალაქეები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ. ქუჩაში მასობრივი პროტესტი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს ბრალს არჩევნების გაყალბებაში სდებენ.
პროტესტს არაერთი ბელარუსი სპორტსმენი შეუერთდა, რომელთა შორის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ილია შკურინიცაა. 20 წლის თავდამსხმელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო და ისიც დაამატა, რომ სანამ ქვეყანაში ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს, ნაკრებში არ ითამაშებს.
“ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე, ამიტომაც ჩემ პასუხსაც აქ გამოვაქვეყნებ. უარს ვამბობ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე იქამდე, სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს”, – წერს 20 წლის ფეხბურთელი Instagram-ში.
შკურინი ბელარუსის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ის გასულ გასულ ზამთარს მოსკოვის ცსკა-მ შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები სწორედ ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.