ილია თოფურია: “2008 წელს საქართველოში ვიყავი. გავცოფდი იმით, რაც პიმბლეტმა დაწერა”
UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ ESPN-ის ჟურნალისტ კარლოს კონტრერასთან ინტერვიუში პედი პიმბლეტთან მომხდარ ინციდეტზე ისაუბრა.
როგორც იცით, ქართველი მებრძოლი ლონდონის სასტუმროში ინგლისელს შეხვდა და მას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო პასუხი მოსთხოვა.
“ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა. პირველად მან თვითერში დაწერა: “მესმის, რატომ გაანადგურა რუსეთმა საქართველო, ისინი სულელები არიან”. შოკში ვიყავი, რადგან ვერ წარმოვიდგენდი ვინმეს ამაზე ხუმრობა თუ შეეძლო. ეს იგივეა [ომი საქართველოში], რაც ახლა უკრაინაში ხდება. 2008 წელს საქართველოში ვცხოვრობდი და ვხედავდი, როგორ ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს. ამ ომში მეგობრები, ოჯახის წევრები დამეღუპნენ. ჩემმა კლასელებმა, გოგონებმა და ბიჭებმა მშობლები დაკარგეს. საშინელი სიტუაცია იყო.
გავცოფდი, როცა წავიკითხე, როგორ ცდილობდა ეხუმრა მას. გუშინ, როცა ინტერვიუ დავასრულე და წამოვედი, ის დავინახე. პიმბლეტი მეგობრული სახით მიყურებდა და ხელი გამომიწოდა, ჩამოსართმევად. ბოთლი ვესროლე და ყველაფერი დაიწყო.
იქამდე, მან დაწერა: “ორ კვირაში ლონდონში იქნები. მოუთმენლად ველი, როგორ არ შეასრულებ შენს სიტყვებს”. მე ვუპასუხე: “შენთვისვე ჯობია, არსად გადამეყარო”.
პიმბლეტმა თქვა, რომ ჩვენ ექვსნი ვიყავით. თქვენ ყველამ ნახეთ, სწორედ ამ ექვსი ადამიანის ადამიანის დამსახურებაა, რომ ის ახლა ცოცხალია და თავი არ დავუმტვრიე”, – განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ქართველებს შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა. გარდა ამისა, 2021 წლის აპრილში მან რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა: “მომავალში გურამ ქუთათელაძეს შევხვდები და დავამარცხებ, რათა ყველა ქართველს, ვინც ინსტაგრამზე მწერს, მოვაკეტინო. რამდენიმე ქართველს ჩემი მისამართი გავუგზავნე და ვუთხარი – მოდით და მნახეთ. არავინ მოსულა.”