ილიას ზუროსმა საბერძნეთში გამგზავრების წინ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა
ილიას ზუროსმა საბერძნეთის მატჩისთვის მოთამაშეები შეარჩია. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა შემადგენლობა დღეს, საბერძნეთში გამგზავრების წინ, ბოლო ვარჯიშის შემდეგ დაასახელა. ვარჯიშის დასკვნით ნაწილს მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც მწვრთნელებს და მოთამაშეებს მოახლოებული მატჩების შესახებ გაესაუბრნენ.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 11 კალათურთელით მიემგზავრება, ხოლო მე-12 მოთამაშე – თად მაკფადენი, გუნდს ჰერაკლიონში შეუერთდება, სადაც საქართველო 21 თებერვალს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ნაკრებს ვერ დაეხმარება “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც 1 კვირის წინ, ადრიატიკის ლიგის მატჩში ფეხი იტკინა და ვარჯიშს დღეს შეუდგა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს საიმისოდ, რომ ბითაძემ 24 თებერვალს, ესტონეთის წინააღმდეგ, თბილისში ითამაშოს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთში 19 თებერვალს, დილის 6:15 საათზე, თბილისი – ათენის რეისით გაფრინდება.
გიორგი შერმადინი:
– საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ორ მატჩს მართავს. მართალია, მიზერული, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს. მსოფლიოზე რომ გავიდეთ, საამისოდ საჭიროა, საბერძნეთსაც მოვუგოთ და ესტონეთსაც, ხოლო სერბეთმა ორივე წააგოს. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ბოლომდე შევასრულოთ და ორივე მატჩი მოვიგოთ. საბერძნეთში ძალიან რთული იქნება. მართალია, მეტოქეს ბევრი ვარსკვლავი აკლია, მაგრამ მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და კარგი გუნდიც ეყოლება. რაც შეეხება საკვალიფიკაციოს ბოლო მატჩს… – ციკლს ესტონეთთან თბილისური შეხვედრით დავამთავრებთ. მატჩი თბილისში 24 თებერვალს სპორტის სასახლეში გაიმართება. ვეცდებით, გულშემატკივარს კიდევ ერთი გამარჯვება ვაჩუქოთ. იმედი გვაქვს, ქომაგი კვლავ მრავლად მოვა და მხარს ბოლომდე დაგვიჭერს.