იმერლები ტიროლში დაბანაკდნენ
2014 წლის 24 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, თბილისიდან მიუნხენამდე ოთხსაათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა კირხდორფში ჩავიდა …
ქალაქ ზანქტ-იოჰანიდან 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო ”ზაივალდში” დაბინავებისა, სადილის და მცირე დასვენების შემდეგ, გუნდი გაემგზავრა მახლობლად მდებარე სპორტული გაერთიანება “კირხდორფის” კომპლექსის საფეხბურთო მინდორზე, სადაც ალპური შეკრების პირველი ვარჯიში გაიმართა.
ფეხბურთელებმა ჯერ კროსი ირბინეს ივან ვუჩეტიჩთან ერთად, შემდეგ კი მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშს შეუდგნენ. დღეიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში მოემზადება.
პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზეგ, 26 ივნისს გამართავს – იენბახში გასამართ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, კიევის “დინამო” იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით – 19:00 საათი) დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური