იმერული რანდევუ
2014 წლის 24 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მიმდინარე წელიწადში რიგით მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ზემოიმერლები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” დაუპირისპირდნენ.
რამდენიმე დღის წინ მარტვილელბთან გამართული მატჩის მსგავსად, მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ პირველსა და მეორე ტაიმებში მოედანზე განსხვავებული შემადგენლობები გაიყვანა. უნდა ითქვას, რომ მომქანცველი ფიზიკური დატვირთვების ფონზე, მასპინძლები ოდნავ მძიმედ გამოიყურებოდნენ, თანაც, საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია – სხვადასხვა სახის პრობლემის გამო საკუთარ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ ომარ მიგინეიშვილი, გიორგი ფანცულაია და რევაზ გეწაძე.
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, დღევანდელმა შეხვედრამაც საკმაო ინტერესი გამოიწვია და ზესტაფონელთა ბაზაზე თავი 150-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქუთაისელმა ქომაგმა მოიყარა. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
”ზესტაფონი”: მეშველიანი (კუპატაძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), თედორე გრიგალაშვილი (ფერეირა, 46), გურული (ჭელიძე, 46), გაგოშიძე (ენდელაძე, 46), აჯურუ (დოლიძე, 46), ჭანკოტაძე (კუხიანიძე, 46), სარდალიშვილი (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი, კაპანაძე (საბანაძე, 46), მიქაძე (ტატანაშვილი, 46).
”ტორპედო”: ცაბუტაშვილი (ადამია, 46), ადამაძე (ლაღაძე, 46), მამასახლისი (ჩადუნელი, 46), ხარაბაძე (გვეტაძე, 46), გელაშვილი (კუჭუხიძე, 46), ბერუაშვილი (თვალავაძე, 46), ლექვთაძე (ტუღუში, 46), ლაშქარავა ((ჭედია, 46), გოგიჩაიშვილი (ჭრელაშვილი, 46), მარკოზაშვილი (ღვიტიძე, 46), ღონღაძე (კვერნაძე, 46).
შეხვედრა შემდეგი სცენარით წარიმართა – ზესტაფონელები მეტოქის კარს გამუდმებით უტევდნენ და ერთი-მეორეს მიყოლებით საგოლე მომენტებს ანიავებდნენ, ქუთაისელებს კი… გოლები გაჰქონდათ. მასპინძელთაგან აშკარა საგოლე მომენტები გაუცუდდათ გიორგი ჭანკოტაძეს, თორნიკე კაპანაძეს, ვახტანგ ჭანტურიშვილს, დავით მიქაძეს, ნიკა საბანაძეს, გიორგი კუხიანიძესა და დიმიტრი ტატანაშვილს (ორჯერ)…
თავის მხრივ, სტუმრები ძირითადად თავის კარის უსაფრთხოებაზე ფიქრით იყვნენ დაკავებულნი, მეტოქის მოედანზე მხოლოდ სწრაფი კონტრაქციებისას გადადიოდნენ და მეტოქის კარის მიმართულებით სულ რაღაც ოთხჯერ დაარტყეს, თუმცა ამ ოთხი დარტყმიდან სამი ზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მატჩი, რომელიც მარგველთა მიერ გამოუყენებელი მომენტების რაოდენობით ბევრ რეკორდს გააუმჯობესებდა, ზესტაფონელთა მარცხით, ანგარიშით 1-3 დასრულდა.
ქუთაისელთაგან გატანილი გოლებით თავი გურამ ადამაძემ, თეიმურაზ მარკოზაშვილმა და ოთარ კვერნაძემ გამოიჩინეს, მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი კი გახლავთ თეიმურაზ ღონღაძე, რომელმაც მატჩს მიწურულს 11-მეტრიანის შესრულებისას იყოჩაღა.
თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ზესტაფონელები კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. 29 იანვარს ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ “საპოვნელას” უმასპინძლებენ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური