იმობილეს ინგლისში უხმობენ, თუმცა ფეხბურთელს მსურველები იტალიაშიც ჰყავს

თარიღი: ივნისი 13, 2020

რომის “ლაციოს” ფორვარდ ჩირო იმობილეთი “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესდა. 30 წლის იტალიელი ფეხბურთელით პირადად ოლე გუნარ სულშერი არის დაინტერესებული, თუმცა “წითელ ეშმაკებს” “ლივერპულისა” და “ნაპოლის” სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავთ.

მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იმობილეს კარგად იცნობს. გერმანელი სპეციალისტი იტალიელ ფეხბურთელს დორტმუნდის “ბორუსიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა. იმობილესთვის ბრძოლაში არც “ნაპოლი” ითვლება აუთსაიდერად, ვინაიდან ფეხბურთელი სწორედ ნეაპოლიდანაა.

არც ის არის გამორიცხული, რომ “ლაციომ” ჩირო იმობილე გუნდში შეინარჩუნოს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ რომაელები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ძალზედ ახლოს არიან.

ჩირო იმობილეს მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად ჩატარებულ 33 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი. 30 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს ამ გათამაშებაში ჩატარებულ 25 მატჩში 27 ბურთი მიითვალა, რითაც რეკორდი დაამყარა.

მსგავსი სიახლეები