პრემიერლიგის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა მსაჯმა კოდექსი პოპ ვარსკვლავის კონცერტის გამო დაარღვია
„ვესტ ბრომვიჩსა“ და „კრისტალ პალასს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურის მატჩის შემდეგ ცნობილი მსაჯი მარკ კლატენბურგი სკანდალის მონაწილე გახდა.
ინგლისელმა რეფერიმ სტადიონზე ჩასვლა თავისი მანქანით გადაწყვიტა, რათა შეხვედრის დასრულების შემდეგ მშობლიურ ნიუკასლში ცნობილი ბრიტანელი პოპ შემსრულებლის ედ შირენის კონცერტზე დროულად მისულიყო.
აქედან გამომდინარე, კლატენბურგმა სამსაჯო კოდექსის ერთ-ერთი პუნქტი დაარღვია, რომლის მიხედვითაც, მსაჯთა ბრიგადის ყველა წევრი მატჩზე ერთად უნდა ჩავიდეს.
მაგრამ, ამით ინგლისელი რეფერის უსიამოვნებები არ დასრულებულა. კლატენბურგი თამაშის დამთავრების შემდეგ „კრისტალ პალასის“ მთავარ მწვრთნელს ნილ უორნოკს ესაუბრა, რაც ასევე აკრძალულია. წესების თანახმად, მსაჯს რომელიმე გუნდის მწვრთნელთან საუბარი მხოლოდ კოლეგების წინაშე ან სამსაჯო კორპუსისგან ნებართვის მიღების შემდეგ შეუძლია.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლატენბურგი უახლოესი ტურის მატჩებში არ იმსაჯებს.