ინგლისის ნაკრების კარში დანიელთა გოლი არ უნდა ჩათვლილიყო?
წუხელ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა დანიის ეროვნული გუნდი დაამტებით დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. დანიელებმა გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანეს, თუმცა, ბრიტანული გამოცემა “დეილი ექსპრესი” ყურადღებას ამახვილებს ამ ეპიზოდზე და აღნიშნავს, რომ მიკელ დამსგორმა ბურთი თამაშის წესის დარღვევით გაიტანა.
ფიფას წესებში ვკითხულობთ:
“როდესაც სამი ან მეტი დამცველი მოთამაშე ქმნის “კედელს”, შემტევი გუნდის ყველა მოთამაშე უნდა დარჩეს არანაკლებ 1 მეტრის მანძილზე “კედლიდან” ბურთის თამაშში შესვლამდე”.
აღნიშნულ მომენტში დანიელი ფეხბურთელები ინგლისელთა “კედელს” მიუახლოვდნენ და მეკარე ჯორდან პიკფორდს მხედველობის არეალი შეუზღუდეს, რითაც წესი დაარღვიეს. აღნიშნულის მიუხედავად, მთავარმა არბიტრმა დანი მაკელიმ გოლი ჩათვალა.
ევრო-2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრების მეტოქე იტალიის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა 11 ივლისს, “უემბლიზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.