ინგლისის სუპერთასი: “მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპული” პენალტების სერიაში დაამარცხა (ვიდეო)
4 აგვისტოს, “უემბლიზე” ინგლისის სუპერთასის ფინალი შედგა “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალაინ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებმა გადაწყვიტეს.
მართალია, შეხვედრის პირველი ნახევარი მეტწილად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა უფრო ეფექტურად “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები იყენებდნენ თავიანთ შანსებს. ანგარიში მატჩის მე-12 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, საგოლე გადაცემა კი დავით სილვას ჩაეთვალა.
მეორე ტაიმში იურგენ კლოპის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა უფრო გააძლიერეს და რაც დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა მათი უპირატესობა ბურთის ფლობაშიც. “წითლებმა” საწადელს შეხვედრის 77-ე წუთზე მიაღწიეს, როდესაც ჟოელ მატიპმა შეძლო კლაუდიო ბრავოს კარის აღება. შეხვედრის ძირითად დროში მეტი გოლი არ გასულა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანების სერია ჟერდან შაქირის გოლმა გახსნა, რასაც “ქალაქელთა” მხრიდან გიუნდოგანმა უპასუხა. მესამე ბურთთან ჯორჯინიო ვეინალდუმი მივიდა, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა და სწორედ ეს შეცდომა გამოდგა სასიკვდილო – “სიტიმ” ოთხივე პენალტი ზუსტად შეასრულა და სუპერთასის ტიტულსაც დაეუფლა.