ინიესტა: “ბევრი თავდამსხმელი “ბარსელონაში” გადასვლაზე უარს ამბობს”
კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა მომავალი სეზონისათვის ემზადება. ესპანელმა ფეხბურთელმა ცოტა დრო გამონახა და “მარკას” ჟურნალისტებს თავის ღვინის ქარხანაში უმასპინძლა, სადაც მათ კითხვებს უპასუხა.
– რას უნდა ველოდოთ მომავალ სეზონში “ბარსელონასგან”?
– პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, 2016-17 წლების სეზონი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდება.
– “ბარსელონამ” ბოლო 12 სეზონში პრიმერა დივიზიონი რვაჯერ მოიგო. რას ნიშნავს ეს ფაქტი თქვენთვის?
– ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ჩვენთან საქმეები კარგად მიდის. იმედი მაქვს, ამ დონეზე დავრჩებით და მომავალშიც ბევრ ტიტულს მოვიგებთ.
– არის თუ არა ლა ლიგა ფეხბურთელისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი?
– საკლუბო დონეზე ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ ჩემთვის შიდა ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი ტიტულის მოგება გვსურს.
– ახალ სეზონს ყველაზე ტიტულოვანი ესპანელი ფეხბურთელის (31 ტიტული – ავტ.) რანგში იწყებ…
– არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ტიტული მომიგია. მე კვლავაც მაქვს იმის იმედი, რომ კიდევ უფრო გავიზრდები. ფეხბურთის თამაში მსიამოვნებს და ცხადია, მინდა, რომ მომდევნო სეზონებშიც ასეთი სიტუაცია იყოს.
– გამოდის, რომ თქვენ ფეხბურთის თამაში ძველებურად გსიამოვნებთ?
– რა თქმა უნდა. შეიძლება, ითქვას, თამაში ახლა უფრო მსიამოვნებს, რადგან წარსულში მიღებული გამოცდილების ხარჯზე შემიძლია, რომ კონკრეტულ მომენტებში უკეთესად ვიმოქმედო.
– ანდრე გომეში, დენის სუარესი, რაფინია ალკანტარა, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, არდა თურანი, სერხი რობერტო… “ბარსელონაში” ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც თქვენ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ეს მოტივაციას გიმაღლებთ თუ პირიქით?
– ჩემი აზრით, კონკურენციას გუნდისთვის დიდი სარგებელი მაქვს. მოტივაცია არ მაკლია, თუმცა დანარჩენებიც ასეთ სიტუაციაში არიან. თუ ყველა მაღალ დონეზე ვიქნებით, ეს “ბარსელონასთვის” უკეთესი იქნება.
– რას ფიქრობთ ახალწვეულებზე – გომეშსა და სუარესზე?
– ისინი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ტიტულების მოგება სურთ, რათა ახალ სიმაღლეებს მიაღწიო. ვფიქრობ, მათ “ბარსელონასთვის” სარგებელის მოტანა შეუძლიათ.
– გუნდში ახალი თავდამსხმელი ჯერ არ ჩანს… თქვენ რომ თავდამსხმელი იყოთ, გადახვიდოდით თუ არა “ბარსელონაში”?
– დღევანდელ “ბარსელონაში” ახალ თავდამსხმელს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდება, ამიტომ ბევრს ჩვენთან გადმოსვლა არ სურს, გუნდში მართლაც უძლიერესი შემტევები გვყავს. თუმცა, როცა “ბარსელონა” გეპატიჟება, უარის თქმა რთულია.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებსს ლიონელ მესისთან, ლუის სუარესთან და ნეიმართან კონკურენციის ეშინიათ?
– ალბათ, ასეა. თუმცა, ახალგაზრდა თავდამსხმელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შეუძლიათ, გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ.
– რას ფიქრობთ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ლოპეტეგიზე?
– პირველ რიგში, მინდა, რომ მას წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, მასთან ერთად დასახულ მიზნებს მივაღწევთ. მან ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად წარმატებას მიაღწია, ასევე, კლუბში იმუშავა. ვფიქრობ, ლოპეტეგიმ დიდი გამოცდილება დააგორვა, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში გამოიყენებს.
– არის ისეთი რამ, რაც გინდათ, რომ ყოფილ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს უთხრათ?
– მისთვის ბევრი სათქმელი არ დამრჩენია. ჩემი აზრით, დელ ბოსკე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იყო. მან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. ცხადია, ეს ყოველთვის ყველას ემახსოვრება.
– დელ ბოსკესა და იკერ კასილასს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. ამან ხომ არ გაგაკვირვათ?
– თავდაპირველად, კი. თუმცა, მალევე ვნახეთ, რომ ორივე თავის საქმეს პროფესიონალურად უდგებოდა. ისინი ერთმანეთს წლებია იცნობენ და მათ შორის ურთიერთპატივისცემა არ დაკარგულა.