ინიესტა: „ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ“
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის კრახით დაიწყო. „ფურია როხა“ ჰოლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 1:5 განადგურდა და საქმე მნიშვნელოვნად გაირთულა, თუმცა ესპანელთა გამოცდილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს და ჯგუფიდანაც გავა.
„ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ. მცირე დეტალები წონასწორობას გვაკარგვინებს. დღეს ძალიან მძიმე საღამო გვქონდა.
ყველაფრისთვის მზად ვართ. მუშაობას გავაგრძელებთ, თუმცა დღევანდელ მარცხს არ დავივიწყებთ“, – ინიესტას სიტყვებს Football Espana ციტირებს.
ესპანელები დარჩენილ ორ შეხვედრას ჩილესა (18 ივნისი) და ავსტრალიის (23 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებენ.