ინსინიე: “იგუაინი ერთხელაც კი არ მოსულა და მოგვსალმებია”
“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლორენცო ინსინიემ გონსალო იგუაინთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
როგორც იცით, არგენტინელი თავდამსხმელი 2013-2016 წლებში “ნაპოლის” ღირსებას იცავდა. ამ კლუბის რიგებში ჩატარებულ ბოლო სეზონში მან სერია A-ში 36 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც “იუვენტუსში” გადაბარგდა. ტურინულ გუნდში ყოფნისას, “პიპიტამ” “ნაპოლის” გოლი გაუტანა და ის ემოციურად აღნიშნა. იმ შეხვედრაში მას და ინსინიეს შელაპარაკებაც მოუვიდათ.
“არ მომეწონა, თუ როგორ აღნიშნა მან გატანილი გოლი. იგუაინმა “იუვენტუსი” აირჩია და რა თქმა უნდა, ამის გაკეთების უფლება ჰქონდა. თუმცა, მისი ტრანსფერის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით და ის გასახდელში ერთხელაც კი არ შემოსულა და მოგვსალმებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჩვენთან, იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც სერია A-ში 36 გოლის გატანაში დავეხმარეთ, პრობლემები ჰქონდა”, – უთხრა ინსინიემ Corriere dello Sport-ს.