“ინტერმა” “რომა” დაამარცხა და გალიდერდა
იტალიის სერია A-ს XI ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც მილანის “ინტერმა” გათამაშების ლიდერი “რომა” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი ბურთი შეხვედრის 31-ე წუთზე “ნერიაძურის” ჩილელმა საყრდენმა ნახევარმცველმა გარი მედელმა ლამაზი დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში სტუმრები აქტიურად ცდილობდნენ წონასწორობის აღდგენას, თუმცა “ნერიაძურის” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 73-ე წუთიდან რომაელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, ვინაიდან მთავარმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ სტუმართა ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ამ გამარჯვების წყალობით “ინტერმა” 24 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. “რომას” 23 ქულა დარჩა და მეორე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. უშუალო კონკურენტები “ფიორენტინა” და “ნაპოლი” თავიანთ მატჩებს კვირას ჩაატარებენ. ფლორენციელები “ფროზინონეს” მიიღებენ, ნეაპოლელები კი “ჯენოას” ესტუმრებიან.
იტალიის სერია A
XI ტური
“ინტერი” — “რომა” 1:0 (1:0)
გოლი: მედელი 31′.
გაძევება: პიანიჩი 73′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.