“ინტერი” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა (ვიდეო)
იტალიის სერია А-ს დასკვნით ტურში მილანის “ინტერმა” გასვლაზე რომის “ლაციო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
ანგარიში შეხვედრის მე-9 წუთზე გაიხსნა, როდესაც მილანელთა ნახევარმცველ ივან პერიშიჩს ბურთი სახეში მოხვდა, რიკოშეტის შემდეგ კი სამირ ჰანდანოვიჩმა რეაგირება ვერ მოასწრო. პირველი ტაიმის შუაწელს დანილო დამბროზიომ წონასწორობა აღადგინა, თუმცა შესვენებამდე ფელიპე ანდერსონმა რომაელები კვლავ დააწინაურა. შეხვედრის მეორე ნახევარში “ნერაძურიმ” ორი ბურთი მიითვალა: ჯერ მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა თავი, შემდეგ კი მატიას ვესინომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
“ინტერმა” და “ლაციომ” 72-72 ქულა მოაგროვეს. თუმცა დამატებითი მაჩვენებლის ხარჯზე მეოთხე ადგილი მილანურმა გუნდმა დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. მეხუთეადგილოსანი “ლაციო” ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მილანის “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელად 2011-2012 წლების სეზონში იასპარეზა.
იტალიის სერია A
38-ე ტური
“ლაციო” — “ინტერი” 2:3 (2:1)
გოლები: პერიშიჩი 9′ (1.გ.), ფელიპე ანდერსონი 41′ — დამბროზიო 29′, იკარდი 78′ (პენ), ვესინო 81′.
გაძევება: ლულიჩი 79′ (“ლაციო”).