“ინტერი” დიბალას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა, მილანის “ინტერში” გააგრძელოს. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი და “ბებერი სინიორა” შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. საქმეში აქტიურად ჩაერთო “ინტერი” და მისი გამობრძმედილი აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა დიბალას აგენტ ხორხე ანტუნს და ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით შვიდნახევარი მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ბონუსებიც დაემატება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პაულო დიბალას შესახებ კითხვა “ინტერის” თავკაც სიმონე ინძაგის დაუსვეს.
“ამ ამბის შესახებ მეც წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ სხვა გუნდების ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. მე იმ მოთამაშეებით ვამაყობ, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.
პაულო დიბალასა და “იუვენტუსს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების უფლება აქვს.
პაულო დიბალას დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემ ჰოთსპურიც” არიან დაინტერესებულნი.