„ინტერი“ ევრას „უთვალთვალებს“
ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში ლონდონის „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამართულ მატჩს (0:0) მილანის „ინტერის“ სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო დაესწრო. იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იუწყება, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი პატრის ევრა იყო, რომელსაც „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. „ნერიაძური“ აპირებს, ფრანგ ფეხბურთელს ზუსტად ისეთი კონტრაქტი შესთავაზოს, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთ მცველ ნემანია ვიდიჩს შესთავაზა – ხელშეკრულება სქემით „2+1“.
ევრას გარდა, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა „არსენალის“ ფეხბურთელი ბაკარი სანია, რომელსაც „მეთოფეებთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში ევრამ ინგლისის პრემიერლიგის 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 3 შედეგიანი გადაცემა.
ბექა დოგრაშვილი