“ინტერი” იკარდის გაყიდვას არ აპირებს
მილანის “ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალესანდრო ანტონელომ განაცხადა, რომ კლუბი მაურო იკარდის გაყიდვას არ აპირებს და არგენტინელი თავდამსხმელისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს.
“იკარდის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ის ჩვენი ფეხბურთელი და ჩვენი კაპიტანია. უახლოეს მომავალში კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გავმართავთ.
რაც შეეხება ფინანსურ ფეარ-პლეის, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. გვაქვს მიზანი, რომელმაც 30 ივნისამდე მშვიდობიანად უნდა მიგვიყვანოს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი გამოგვივა. რეგულაციის დასაკმაყოფილებლად ვინმეს გაყიდვას არ ვაპირებთ. ჩვენ კონკურენტული გუნდი უნდა შევქმნათ”, – ციტირებს ანტონელოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ “ინტერს” ფინანსური ფეარ-პლეი გასასწორებელი აქვს და მიმდინარე წლის 30 ივნისამდე 50 მილიონი ევროს მოგება უნდა აჩვენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მილანურ კლუბს უეფასგან სანქცია ელის.