“ინტერი” სიმონე ინძაგის დათანხმებას მაინც ცდილობს
წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის “ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა მილანის “ინტერი” ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ გუნდის თავკაცის ვაკანტურ პოსტზე სწორედ ინძაგის კანდიდატურას მოიაზრებს და მის გადმობირებას აქტიურად ცდილობს.
წამყვანი იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ “ნერაძურის” ხელმძღვანელობა კლუბში სიმონე ინძაგის მოყვანის თაობაზე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას. 45 წლის სპეციალისტის აგენტი ტულიო ტინტი დღეს მილანური კლუბის ოფისშიც იმყოფებოდა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი “ინტერის” მცველ ალესანდრო ბასტონის ინტერესებსაც წარმოადგენს. თეორიულად სიმონე ინძაგის გადმობირება მარტივია, რადგან მასსა და “ლაციოს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება.
“ინტერმა” მანამდე მოლაპარაკება მასიმილიანო ალეგრისთან სცადა, თუმცა ამ უკანასკნელს ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. მილანელთა კიდევ ერთი ვარიანტი მაურიციო სარი იყო, მაგრამ მათ შორის შეთანხმება არ შედგა.
ალტერნატიულ კანდიდატებად სინიშა მიჰაილოვიჩი, პაულუ ფონსეკა და ვალტერ ძენგა სახელდებიან, თუმცა მათი მოწვევით “ინტერის” ხელმძღვანელობა დიდად მოწადინებული არ არის.