“ინტერმა” შინ პრაღის “სლავიასთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპი მილანის “ინტერისა” და პრაღის “სლავიას” დაპირისპირებით გაიხსნა. მართალია, მატჩის ფავორიტად ყველა ანტონიო კონტეს გუნდს მიიჩნევდა, თუმცა “ნერაძურიმ” ჩეხური კლუბის დამარცხება ვერ შეძლო.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში პირველ ტაიმში არ გახსნილა, თუმცა შეიქმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი. მეორე ტაიმი კი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და გოლიც გავიდა – თავი ოლაინკამ გამოიჩინა.
საინტერესოა, რომ გატანილი გოლის შემდეგ პრაღელებს თამაშის სტილი არ შეუცვლია და თავზარდაცემულ “ინტერს” კიდევ უფრო მეტად ავიწროვებდნენ. საბოლოოდ, ანტონიო კონტეს ბიჭებმა ღირსების შენარჩუნება მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეძლეს, რაც ბარელის ხელწერით მოხდა.
ასე რომ, ურთულეს ჯგუფში მყოფმა “ინტერმა” ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა კვალიფიკაციის გამარჯვებულ კლუბთან.