“ინტერმა” სიმონე ინძაგი დაითანხმა
მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიმონე ინძაგი დაინიშნება.
45 წლის სპეციალისტი გუშინ რომის “ლაციოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმა იყო, მაგრამ “ნერაძურის” ხელმძღვანელთა პროდუქტიული მუშაობის შედეგად, სიმონე ინძაგიმ პოზიცია შეცვალა და სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება მილანურ გუნდში გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება, იტალიელი სპეციალისტის წლიური ჯამაგირი ოთხი მილიონი ევრო იქნება, კიდევ ერთი მილიონი ევროს გამომუშავება კი საბონუსე სისტემით შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ “ინტერის” თავკაცის პოსტი ვაკანტური გუშინ გახდა. ანტონიო კონტემ სკუდეტოს მოგებიდან სამი დღის შემდეგ “ნერაძურის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც გუნდში შექმნილ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება.
თავის მხრივ, “ლაციოს” თავკაცის ვაკანტურ პოსტზე სინიშა მიჰაილოვიჩის ან ვალტერ მაძარის დანიშვნას ელიან.