„ინტერს“ მატა სურს
ლონდონის „ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა შესაძლოა მილანის „ინტერში“ აღმოჩნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Football Italia ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრმა დასავლეთლონდონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც „სტემფორდ ბრიჯიდან“ აბარგება გადაუწყვეტია. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მზად არის, „ჩელსიდან“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე წავიდეს. ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ფრანგული „პარი სენ-ჟერმენიც“ იჩენს. „კორიერე დელო სპორტის“ თანახმად კი, „ინტერი“ მზად არის, რომ მატას სანაცვლოდ ფრედი გუარინი ან ანდრეა რანოკია დათმოს.
ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 15 მილიონ ევროდ ფასდება.
მატამ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა.
ბექა დოგრაშვილი