ინტერვიუ “ანთალიასფორის” ქართველ ლეგიონერთან: “აქ “გალათასარაი” და” ბურსასფორი” გამორჩეული გუნდებია”
თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდის სტუმარი დავით მჯირია, რომელიც სწორედ ამ კლუბში აღიზარდა და შემდეგ “ანთალიასფორში” გადაბარგდა. იგი 19-წლამდე გუნდშ თამაშობს.
ფეხბურთელს რამდენიმე კითხვით გაესაუბრნენ:
– დავით, როგორ შეეგუეთ ახალ კლუბს, ახალ გარემოს?
– ძირითადად, “ანტალიასფორის” დუბლშემადგენლობაში ვვარჯიშობ, 19 წლამდელთა გუნდში კი ვთამაშობ. ყველაფერი ნორმალურად და გეგმის მიხედვით მიდის. კმაყოფილი ვარ აქაურობით.
– 19 წლამდელთა ჩემპიონატი როგორი დონისაა?
– “ბურსასფორი” და “გალათასარაი” გამორჩეულები არიან, დანარჩენები ყველა თანაბარი დონისაა. სულ ორთაბრძოლებია, ძირითადად ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ.
რამდენიმე ტურის წინ “ბურსას” გასვლაზე 2:2 ვეთამაშეთ, მაგარი მატჩი გამოდგა – საინტერესო, დაძაბული. “ბურსას” შემადგენლობის დიდი ნაწილი გასული წლის ოქტომბერში თბილისში იყო ჩამოსული, როდესაც “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დაუპირისპირდა. “ბურსა” 19 წლამდელთა პირველობას წლეულსაც ლიდერობს.
– ტანმაღალი ფეხბურთელი ხართ. მეორე სართულზე მცველებს ალბათ ბევრ თავსატეხს უჩენთ…
– მცველები ძალიან უხეშ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, რომ იტყვიან ზღვარზე თამაშობენ. ისინი ზედმეტადაც უხეშობენ. ამიტომაცაა, რომ მსაჯებს ხშირად ყვითელი ბარათების ჩვენება უწევთ, ხანდახან კი წითელ ბარათშიც ისახება-ხოლმე.
ახალ კლუბში 14 მატჩი ვითამაშე და ორი გოლი გავიტანე. ვეცდები გავაუმჯობესო შედეგი.
– გუნდში ერთადერთი ლეგიონერი ხართ?
– დიახ, ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვარ უცხო ქვეყნიდან, დანარჩენები კი ადგილობრივები არიან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც “ანტალიასფორში” ჩამოვედი, აკადემიის დირექტორი ესპანელი იყო, თუმცა ახლა უკვე სხვა ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ ორი ლეგიონერი იყო გუნდში, მაგრამ წასვლა მოუწიათ.
– 19 წლამდელთა გუნდი სად ვარჯიშობს?
– იქ, სადაც მთავარი გუნდი გადის საწვრთნელ პროცესს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა. ამ დროისთვის შვიდი მოქმედი ბუნებრივი მოედანია, ხოლო 3 მინდვრის გაკეთება ახლო მომავალში იგეგმება.
– “საბურთალო”-ში გატარებულ დროს როგორ გაიხსენებთ?
– “საბურთალო”-ში ორი სეზონი დავყავი, ვფიქრობ ძალიან დამეხმარა ჩემს წინსვლაში. ჩემი გადმოსახედიდან თბილისურ გუნდში განვითარდი და მოვუმატე, ბევრი რამ ვისწავლე და რაც მთავარია ფორვარდისთვის – გოლებიც გამქონდა. ამ ფაქტორმა უფრო მეტი მოტივაცია გამიჩინა. ვშრომობ ჩემს თავზე და მინდა უკეთესად წარმოვჩნდე.
– ყოფილ თანაგუნდელებთან მეგობრობთ?
– დიახ, ხშირად ვკონტაქტობ ქოჩორაშვილთან, ნიკოლაშვილთან, ბევრთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე თვის წინ, როდესაც თბილისში ჩამოსვლა მომიწია, მოვინახულე ბიჭები, მწვრთნელები…
– 11 მარტს სტუმრად “გიოზეთეფეს” დაუპირისპირდებით. როგორ ემზადებით მოახლოებული შეხვედრისთვის?
– პასპორტს ვადა გაუვიდა და მის გასაგრძელებლად რამდენიმე დღით თბილისში ვარ ჩამოსული. დღეს თურქეთში მივემგზავრები.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი “საბურთალოს” მწვრთნელებს, ფეხბურთელებს. ძალიან მეგობრული გუნდია.