ინტრიგის გარეშე დარჩენილი ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. თუმცა, ჩემპიონატის გადამწყვეტი ნაწილი განსაკუთრებული დაძაბულობისა და ინტრიგის გარეშე ჩაივლის.
ფაქტობრივად ცნობილია ჩემპიონის და ევროტურნირებზე გამსვლელი გუნდების ვინაობა. გასაკრვევი მხოლოდ ერთი რამ დარჩა – ვინ დარჩება უმაღლეს ლიგაში “სპარტაკი” თუ “ზუგდიდი”… ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ ამ გუნდების ანაკლიაში გასამართი შეხვედრა გასცემს, რომელიც 6 მაისს შედგება. თუმცა, თუ ფედერაცია გუნდების რაოდენობის გაზრდის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, არც აღნიშნული მატჩის შედეგს და საბოლოოდ დაკავებული პოზიციებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ქვედა ექვსეულის დარაჩენ გუნდებს რაც შეეხება.. ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ მარტვილის “მერანს” გადარჩენის ძალიან მცირე შანსი და საკმაოდ რთული შეხვედრებიც აქვს დარჩენილი.
“ტორპედო”, “ვიტ ჯორჯია” და “დილა” კი, თავს მშვიდად გრძნობენ და დარჩენილ შეხვედრებს უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ჩაატარებენ.
ზედა ექვსეულში ინტრიგა უფრო ნაკლებია. სათასო ბატალიების, “მეტალურგის” და განსაკუთრებით “გურიას” სუსტი თამაშის გამო ოთხეულიც და შესაბამისად ევროთასებზე გამსვლელი გუნდების ვინაობაც ფაქტობრივად უკვე ცნობილია.
გურულებს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქულაც კი არ აქვთ მოპოვებული. “მეტალურგი” კი სეზონის გადამწყვეტ ნაწილს საკმაოდ არასტაბილურად ატარებს, რაც რუსთავულ გუნდში მომხდარი ცვლილებების შემდეგ გასაკვირი სულაც არ არის.
მართალია, “მეტალურგი” დამდეგ ტურში ივანწმინდაში უშუალო კონკურენტ “ჩიხურას” ეწვევა, თუმცა ფრუიძის გუნდი დიდი ალბათობით მეოთხე პოზიციას არ დათმობს.
უახლოესი დღეების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ზესტაფონში “დინამოს” სტუმრობა იქნება. თბილისელეს უკვე უახლოეს შაბათს აქვთ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შანსი. მიუხედავად მცირე ჩავარდნებისა, “დინამომ” მიმდინარე სეზონი საკმაოდ კარგად განვლო და ფაქტია, რომ თბილისელებს მთელი გათამაშების მანძილზე სტაბილური კონკურენცია ვერავინ ვერ გაუწია. შესაბამისად, თბილისელთა ეს შედეგიც სავსებით ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.
“დინამოს” და ალბათ ევროთასებზე საქართველოს სახელით გასულ ყველა გუნდს საკმაოდ სერიოზული გაძლიერება დასჭირდება, თუმცა არა “რევოლუციური” ცვლილებები, რაც ხშირ შემთხვევაში ქართული საფეხბურთო მენეჯმენტისთვის დამახასიათებელი რამ არის.
ასეა თუ ისე, მორიგი ეროვნული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება… იყო ბევრი უსიამოვნო ფაქტი, სკანდალი და სახალისო მომენტებიც.. ტრადიციულად, ნეგატივის რაოდენობა სასიამოვნო მომენტებზე უფრო მეტი იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ დარჩენილი ტურები მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის და უმაღლესი ლიგის მცირე რაოდენობის, მაგრამ ერთგულ გულშემატკივარს კიდევ რამდენიმე ლამაზ მატჩს აჩუქებს.