იოაჰიმ ლიოვი: საქართველოსთან უკეთესად ვითამაშებთ

გერმანიისა და საქართველოს ნაკრებების ხვალინდელ მატჩამდე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა პრესკონფერენცია გამართა.
– დუბლინურ მარცხზე აქამდე გაოგნებულენი ვართ. თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. დუბლინში კონცეტრაცია გვაკლდა და ეს გამოსასწორებელია. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან უკეთესად ვითამაშებთ. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგავართ. ერთია, ჩვენ ახლა ვერ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რაც ბოლომდე შეგვიძლია. დაცვაში კარგად გამოვიყურებით, მაგრამ მომენტების რეალიზება გვიჭირს, – განაცხადა ლიოვმა.
ბუნდესნაკრების თავკაცმა დანაკლისზეც ისაუბრა…
– მარიო გიტოცესა და ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმებით შოკირებულნი ვართ. გიოტცე ჩინებულ ფორმაში შევიდა, როგორც ბაიერნში, ისე – ნაკრებში. შვაინშტაიგერი თუ თამაშამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს, აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება. ისე კი, შემადგენლობაში ბევრი ცვლილებები საჭიროდ არ მიმაჩნია, – დასძინა ლიოვმა.